„ყვავილების შვილი“ ანუ თანამედროვე ჰიპი

„მიეცი მშვიდობას შანსი“,

„იცხოვრე და უფლება მიეცი იცხოვრონ“,

„სიყვარული ეს ყველაფერია, რაც შენ გჭირდება“,

„დაკავდი სიყვარულით და არა ომით“ -ეს გამონათქვამები 60-იან წლებში, ე.წ. „ჰიპების“ ეპოქაში გვაბრუნებს. “თავისუფლების იდეალისტები“ – ჰიპები, აღიარებდნენ ყველაფერს თავისუფალს და პროტესტს უცხადებდნენ ყოველგვარ შეზღუდვას. ჰიპები უარს ამბობდნენ ომში წასვლაზე(ვიეტნამის ომი), ისინი ომის მონაწილეებს მოუწოდებდნენ, რომ ომი შეეცვალათ სიყვარულით. ჰიპებს „ყვავილების შვილები“ შეარქვეს, მათი ერთ-ერთი დევიზი სწორედ „ყვავილების ძალაუფლება“იყო. „ყვავილების შვილების“ ერთ-ერთი თანამედროვე წარმომადგენელი -16 წლის ნინო ხიჯაკაძე გატაცებული არის ჰიპების სუბკულტურით და მათი იდეოლოგიის მატარებელია.

Image

ნინო სწორედ თავისი არაორდინალურობით, „არა ჩვეულებრივი“ ცხოვრების სტილით გამოირჩევა თანატოლებისგან. მას უყვარს თავისუფლება, საკუთარი თავის ბოლომდე წარმოჩენა, გახსნილ და საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობა, უყვარს პაციფისტი ხალხი. არ უყვარს ერთფეროვნება, ამით ძალიან იღლება და ყოველთვის ცდილობს რაიმე სიახლე შეიტანოს ცხოვრებაში; ასევე არ უყვარს, როდესაც რაღაცაში იზღუდება და არ შეუძლია ბოლომდე წარმოაჩინოს საკუთარი შესაძლებლობები; არ აინტერესებს რუტინული ცხოვრების სტილი და ვერ უძლებს, როცა უწევს იმის კეთება, რაც არ უყვარს. ხშრად ფიქრობს მის მომავალ ცხოვრებაზე, ახალ გზებზე, შესაძლებლობების განვითარებაზე, მოგზაურობაზე. ფიქრობს რომ ცხოვრებაში საინტერესო მიმართულებით მიდის და ჯერ-ჯერობით არაფრის შეცვლა არ უნდა.

ნინოსთვის იდეალური გარემო სავსეა შემოქმედებით, მუსიკით, ნახატებითა და საინტერესო ხალხით. ნინოს სიახლოვე ხელოვნებასთან შეიძლება სწორედ იმ ფაქტმაც განაპირობა, რომ ნინო ხატავს და უნდა რომ მისი მომავალიც სწორედ ამ სფეროს დაუკავშიროს.

როცა ხატავს…

როცა ხატავს ძალიან ცოტას ფიქრობს დანარჩენ სხვაზე. ცდილობს ემოციები და განცდები ნაშრომში გადმოსცეს, ამიტომ ხატვის დროს თავს ძალიან მშვიდად და დასვენებულად გრძნობს.

ნინო ხატვით ჯერ კიდევ ბავშვობაში დაინტერესედა. ხატვის სიყვარულს ხელი შეუწყო იმ ფაქტმაც, რომ მშობლებიც ახლოს არიან ამ სფეროსთან.

ნინოს მოსწონს იმპრესიონისტული ფერწერა და სიურეალიზმის მიმდინარეობა მხატვრობაში. სიურეალისტებიდან განსაკუთრებით მოსწონს სალვადორ დალისა და რენე მაგრიტის შემოქმედება. ასევე მოსწონს ექსპრესიონიზმი და ამ მიმდინარეობაში მისი ფავორიტი მხატვარი ამადეო მოდილიანი არის.

16 წლის ასაკში ნინოს უკვე საკმაოდ ბევრი ნახატი აქვს და ამ ნახატებს ის უფრო სურეალისტურ ნაშრომებს მიაკუთვნებს. გასულ წელს, სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთ გამოფენაზე ნინოს 2 ნახატი მოხვდა. ამ ნახატებმა საკმაოდ დიდი მოწონება დაიმსახურა სერიოზული შემფასებლებისგან; მაშინ ნინო ჯერ კიდევ არ იყო დარწმუნებული საკუთარ თავში და ამ შეფასებებმა საკმაოდ დიდი სტიმული მისცა.

Image

-ამ ნახატში რამდენიმე ნაშრომი მაქვს გაერთიანებული, სახელი არ აქვს. ეს ნახატი არის ჩემი ტიპური ხასიათი. როგორც მეუბნებიან უარყოფითი აურა და ენერგია მოდის, მაგრამ მე ასე არ ვიტყოდი. ძნელია აღვწერო დაკონკრეტებით რა ფიგურა რა დატვირთვისაა, მაგრამ მთლიანობაში ისეთი გამოვიდა, როგორიც მინდოდა, ოდნავ მისტიკური და ძნელად გასაშიფრი… ასეთ სტლში ბევრი ნახატი მაქვს- ნინო ხიჯაკაძე

Image

ნინო სწავლის გაგრძელებას სამხატვრო აკადემიაში აპირებს, თუმცა სპეციალობა ჯერ არ გადაუწყვეტია, არჩევანის გაკეთებას ინტერიერის დიზაინსა და მედიახელოვნებას შორის აპირებს.

სხვა ინტერესები:

აინტერესებს ყველაფერი შემოქმედებითი, განსაკუთრებით დაინტრესებულია ფსიქოდელური ხელოვნებით. ნინოს ფსიქოდელურ ხელოვნებაში განსაკუთრებით ფერების ლამზი შერწყმა მოსწონს.

უსმენს 60-იანი წლების მუსიკას, ძირითადად როკს და ქანთრის, განსაკუთრებით ჯიმ მორისონისა და ბობ დილანის შემოქმედებას; ასევე ძალიან უყვარს ენდრიუ ვებერისა და ტიმ რაისის როკ-ოპერა „იესო ქრისტე-სუპერვარსკვლავი“.

ნინოს საყვარელი ფილმი არის „ფორესტ გამპი“, ფიქრობს რომ ეს არის ფილმი, რომელშიც ყველაფერი ნათქვამია ცხოვრების შესახებ. მსახიობებიდან გამოარჩევს ჯეკ ნიკოლსონსა და ტომ ჰენკს, ხოლო რეჟისორებიდან ემირ კუსტურიცასა და კვენტინ ტარანტინოს.

წიგნებიდან გამოარჩევს ფიოდორ დოსტოევსკის რომანს „დანაშაული და სასჯელი“; ასევე კენ კიზის „ვიღაცამ გუგუის ბუდეს გადაუფრინა“, განსაკუთრებით მოსწონს რენდელ პატრიკ მაკმერფის პერსონაჟი.

სკოლა, თავისუფალი დრო, მეგობრები…

ნინო დღის პირველსა და მეორე ნახევარს სწავლას უთმობს, ხოლო საღამოობით, როცა შედარებით თავისუფალი არის უყვარს ნელა სიარული მუსიკის თანხლებით, ქუჩაში მიმავალი ხალხის ყურება და ჩანახატების გაკეთება. როცა სახლში ბრუნდება კითხულბს, ხატავს დრო თუ აქვს; უსმენს მუსიკას და შემდეგ ამ მუსიკის აწყობას ცდილობს გიტარასა და პინაინოზე.

სკოლა საერთოდ არ მოწონს, არ უყვარს იქ ყოფნა და 5 საათი ერთ ადგილზე ჯდომა. ფიქრობს რომ, დროის უაზროდ კარგვაა, ეს დრო კი შეუძლია უკეთესადაც გამოიყენოს. ნინოს მიაჩნია, რომ ადამიანის განათლებისთვის საჭიროა მსოფლიო ლიტერატურის ხშირი კითხვა და არა ქიმიისა და ფიზიკის ფორმულების დაზეპირება, მაგრამ რადგან გამოცდები აქვს ჩასაბარებელი, ამ საგნების სწავლაც უწევს.

თავისუფალ დროს ნინოს ძალიან უყვარს ქუჩის მუსიკოსებთან ვიზიტი, მათ შემოქმედებას აფასებს და ფიქრობს, რომ ძალიან ნიჭერი ანდერგრაუნდელები გვყავს. რაც შეეხება მეგოგბრებს, მათთან ერთად ნინო ადრე უფრო მეტ დროს ატარებდა, ახლა კი ყველას განსხვავებული ინტერესები აქვთ, თუმცა ერთმანეთს როცა ნახულობენ სასიამოვნო დროს ატარებენ.

მომავლის შესახებ…

ნინოს უნდა გამოსცადოს, როგორი გრძნობაა ოჯახისგან დამოუკიდებლად ცხოვრება, როგორც მატერიალურად, ასევე სულიერად. ასევე უნდა მთელი თუ არა, ნახევარი ცხოვრება მაინც მოგზაურობაში გაატაროს. ასე ჰგონია, ერთ ადგილას, მუდმივ საცხოვრებელში ყოფნას ვერ შეძლებს. განსაკუთრებით სან-ფრანცისკოში უნდა წასვლა და მოხეტიალე ცხოვრება. იმედი აქვს, ამ ოცნებას აიხდენს სანამ ახალგაზრდა არის.

და ბოლოს

რომ შეეძლოს, მთელს მსოფლიოში ძალმომრეობასა და აგრესიას მოსპობდა.

-ძალიან გამიხარდება, თუ ყველა მიხვდება რომ ერთხელ მოვდივართ ამ ქვეყანაზე და დრო უფრო საინტერესოდ უნდა გამოვიყენოთ- ნინო ხიჯაკაძე.

ცნობილი ამერიკელი მომღერლის ჯიმი ჰენდრიქსის ფრაზაა: – „მე უბრალოდ ვაპირებ წავიდე და ვაკეთო ის, რასაც ვგრძნობ“; ჩემი აზრით, სწორედ ეს ფრაზა ძალიან კარგად აღწერს „ყვავილების შვილების“ თანამედროვე წარმომადგენლის, ნინო ხიჯაკაძის, პიროვნებასა და ცხოვრების სტილს.

Leave a comment